დონალდ ტრამპი - მე შემიძლია, გავიგო რუსეთის გრძნობები უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაცხადებით, რუსეთის ომი უკრაინაში „გაცილებით რთულია“ ამჟამად და შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს.
მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა გააკრიტიკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოლაპარაკებების ტაქტიკა უკრაინასთან მიმართებით.
დონალდ ტრამპმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაშიც დაადანაშაულა. როგორც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა განმარტა, მას „შეუძლია, გაიგოს რუსეთის გრძნობები“ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.
ომის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა „რუსეთის პრობლემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მრავალი წლის განმავლობაში“.
„სადღაც ამ დროს ბაიდენმა თქვა: „არა, უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა“. მე შემიძლია, გავიგო რუსეთის გრძნობები ამ საკითხთან დაკავშირებით. სინამდვილეში, მე მიმაჩნია, რომ მათ ჰქონდათ შეთანხმება და შემდეგ ბაიდენმა ის დაარღვია. მათ ჰქონდათ შეთანხმება, რომელიც დააკმაყოფილებდა უკრაინას და ყველა დანარჩენს, მაგრამ ბაიდენმა თქვა: „არა, თქვენ უნდა გქონდეთ ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობა“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, როდის გეგმავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას უკრაინაში მიმდინარე ომის განსახილველად, ტრამპმა განაცხადა: „ვერ გეტყვით ამას, მაგრამ ვიცი, რომ პუტინს სურს შეხვედრა. არ მიმაჩნია მართებულად, შევხვდე 20 რიცხვამდე, რაც მძულს, რადგან იცით, რომ ყოველდღე იღუპებიან ადამიანები – ბევრი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღუპება – ჯარისკაცები“.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ომი არ მოხდებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო. „ეს ომი, შესაძლოა, გადაიზარდოს ბევრად სერიოზულ სიტუაციაში, ვიდრე ახლაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.