დონალდ ტრამპი - მარინ ლე პენის წინააღმდეგ „კუდიანებზე ნადირობა“ კიდევ ერთი მაგალითია გამოხატვის თავისუფლების ჩახშობისა და პოლიტიკური ოპონენტის ცენზურის, გაათავისუფლეთ ის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფრანგი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.
„მარინ ლე პენის წინააღმდეგ „კუდიანებზე ნადირობა“ ევროპელი მემარცხენეების მიერ სამართლებრივი სისტემის გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად და პოლიტიკური ოპონენტის ცენზურისთვის, ამჯერად იმდენად შორს წავიდნენ, რომ ეს ოპონენტი ციხეშიც კი ჩასვეს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამერიკის პრეზიდენტმა პარალელი გაავლო საკუთარ გამოცდილებასთან და განაცხადა: „ეს იგივე „სახელმძღვანელოა“, რომელიც ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა შეშლილთა და ხელმოცარულთა ჯგუფმა“.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, არ იცნობს მარინ ლე პენს, მაგრამ აფასებს, „თუ რამდენს შრომობდა ის ამდენი წლის განმავლობაში“.
„მან ბევრი მარცხი განიცადა, მაგრამ განაგრძო სვლა. ახლა, დიდი გამარჯვების წინ, მას უმნიშვნელო ბრალდებით იჭერენ, რომლის შესახებ, სავარაუდოდ, არაფერი იცოდა. ჩემთვის ეს „საბუღალტრო“ შეცდომას ჰგავს. ეს ძალიან ცუდია საფრანგეთისა და დიადი ფრანგი ხალხისთვის, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს არიან ისინი. გაათავისუფლეთ მარინ ლე პენი“, – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. ამასთან, მარინ ლე პენის საჩივარზე პარიზის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2026 წლის ზაფხულში გამოაცხადებს.