დონალდ ტრამპი – კუბასთან შეთანხმებას მივაღწევთ, არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება

22:05, 26.09.2026

ვიტყოდი, რომ კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ. არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ გვინდა, კუბას დავეხმაროთ. გვინდა, კუბა ჩვენი ხალხისთვის გავხსნათ“, – აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა კუბას „არშემდგარი სახელმწიფო“ უწოდა და განაცხადა, რომ კუნძულოვან ქვეყანას „თავისუფლება ელოდება“. ამ გამოსვლის დროს კუბის დელეგაციამ დარბაზი დატოვა.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა მოგვიანებით, გაერო-ში განაცხადა, რომ კუბა ყოველთვის მზად იქნება შეერთებულ შტატებთან დიალოგისთვის. მას ტრამპის კონკრეტული განცხადებები არ უხსენებია.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულმა ნავთობის ბლოკადამ, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ამოქმედდა, ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. კუბა საწვავის დეფიციტსა და მოძველებული ინფრასტრუქტურით გამოწვეულ ელექტროენერგიის გათიშვებს ებრძვის.

„ჩვენ მზად ვართ, აშშ-ის კომპანიებთან სავაჭრო და ბიზნესურთიერთობები გვქონდეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან“, – განაცხადა როდრიგესმა.

ამასთან, მან მკაცრად დაგმო აშშ-ის მიერ კუბაზე დაწესებული სავაჭრო ემბარგო, რომელიც 60 წელზე მეტია, მოქმედებს.

მსგავსი