დონალდ ტრამპი - კოლინ პაუელმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ომებზეა პასუხისმგებელი, გამოაცხადა, რომ კიდევ ერთ გამოუსწორებელს, „მძინარა ჯოს“ უჭერს მხარს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის „სიენენთან“ ინტერვიუს „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა. ინტერვიუს დროს პაუელმა განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ჯო ბაიდენს მისცემდა. თეთრი სახლის ლიდერმა გამოხმაურებისას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები გაიხსენა და განაცხადა, რომ მათი ინიციატორი სწორედ კოლინ პაუელი იყო.
„გამოუსწორებელმა კოლინ პაუელმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ომებზე არის პასუხისმგებელი, ახლახან გამოაცხადა, რომ ის კიდევ ერთ გამოუსწორებელს, „მძინარა ჯოს“ უჭერს მხარს. პაუელმა არ თქვა, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა? ეს არ იყოს სიმართლე, თუმცა ჩვენ ომი მაინც დავიწყეთ“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, რომელიც ამ თანამდებობას ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციაში იკავებდა, ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჯო ბაიდენს დაუჭერს. პაუელმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ტრამპი არაეფექტური პრეზიდენტია და ის მუდმივად იტყუება.