დონალდ ტრამპი კითხვაზე, როდის აპირებს ირანში ომის დასრულებას - ნუ ჩქარობთ, ამას ექვსი კვირაა, ვაკეთებთ, ირანის სამხედრო ძალები სრულიად დამარცხდნენ
ნუ ჩქარობთ, ჩვენ ვიეტნამში დაახლოებით 18 წელი ვიყავით, ერაყში – მრავალი წელი. მეორე მსოფლიო ომში თითქმის ოთხი წელი ვიყავით, თითქმის ხუთი წელი. კორეის ომში შვიდი წელი ვიყავით. ირანში კი ამას ექვსი კვირაა, ვაკეთებთ და მათი სამხედრო ძალები სრულიად დამარცხდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მას ჰკითხეს, თუ როდის აპირებს ირანში ომის დასრულებას.
ამასთან, ტრამპის თქმით, აშშ-მა ირანის საბრძოლო შესაძლებლობები გაანადგურა და ირანის ლიდერები გაანეიტრალა. მისივე თქმით, ირანში ახლა შიდა დაპირისპირებაა იმის გამო, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა.
„ირანს საჰაერო ძალები აღარ ჰყავს, მათი საზენიტო თვითმფრინავები აღარ არსებობს, მათი ლიდერები აღარ არიან. პრობლემის ნაწილი ის არის, რატომაც ვერ ვპასუხობ თქვენს კითხვას, მათ სრულიად ახალი ლიდერები ჰყავთ და ისინი კატა-ძაღლივით იბრძვიან ერთმანეთში, თუ ვინ გააკონტროლებს სიტუაციას, იმიტომ, რომ ჩვენ მათთან ნამდვილი ქაოსი შევქმენით, მაგრამ მათაც შეუქმნეს არეულობა მსოფლიოს ბოლო 47 წლის განმავლობაში. მათ ბევრი ჩვენი ადამიანი მოკლეს. როდესაც ჯარისკაცს ხედავთ, ახალგაზრდას ან ახლა უკვე ხანდაზმულს, მაგრამ ადამიანს ფეხების, ხელების ან სახის გარეშე, ვინაიდან ნაღმზე აფეთქდა, სავარაუდოდ, ეს ირანიდან უნდა მოდიოდეს“, – განაცხადა ტრამპმა.