ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც ხელისუფლების გადაცემის პროცესს უძღვება, „ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც გასაკეთებელია“. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრძოლას აგრძელებს და გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„მინდა, მადლობა გადავუხადო გენერალური სერვისების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ემილი მერფის ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის. მას ავიწროებდნენ, აშინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. მე არ მსურს, რომ ეს ხდებოდეს მისი და სააგენტოს თანამშრომელების წინააღმდეგ. ჩვენი საქმე გრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ამის მიუხედავად, ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ ემილისა და მის გუნდს, გააკეთონ ყველაფერი, რაც გასაკეთებელია პროტოკოლის მიხედვით. ანალოგიურ რეკომენდაციას ვაძლევ ჩემს გუნდს“, – წერს დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
დონალდ ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გენერალური სერვისების სააგენტომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.
დონალდ ტრამპის ამ განცხადებას მიესალმა ჯო ბაიდენის გუნდი.