ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ერთ გამოსვლაში მისი სახელი 74-ჯერ ახსენა.
დონალდ ტრამპმა ეს განცხადება აიოვას შტატში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და მას „მძინარა ჯო“ უწოდა.
„ხალხი ჯო ბაიდენს პატივს არ სცემს. ის აიოვაში ორ კვირაში ერთხელ ჩადის და შემდეგ ჩემს სახელს ერთ გამოსვლაში 74-ჯერ ახსენებს. ეს მე ჰილარი კლინტონს მახსენებს. ისიც ასე იქცეოდა. შემდეგ, როდესაც კენჭისყრის დღე დადგა, ხალხმა იკითხა – კარგით, გავიგეთ, რომ მას ტრამპი არ მოსწონს, მაგრამ სხვას რას გვპირდება? იგივე ემართება მძინარა ჯოსაც. ის მძინარაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აიოვაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის სექტორში ბიოტექნოლოგიების გამოყენებაზე შეზღუდვების ნაწილს გადახედავენ.