დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი რადიკალების მარიონეტია, ბაიდენ-ობამას გამარჯვება ჩვენს ქვეყანას გაანადგურებს
ჯო ბაიდენი რადიკალების მარიონეტია, ბაიდენ-ობამას გამარჯვება ჩვენს ქვეყანას გაანადგურებს, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში მიმდინარე მიტინგზე, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი თავის საარჩევნო კამპანიას ანახლებს.
დონალდ ტრამპის ვრცელი გამოსვლის დიდი ნაწილი სწორედ ოპონენტის, ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკას დაეთმო.
„ჩუმი უმრავლესობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვაპირებთ მძინარე ჯო ბაიდენის დამარცხებას. ჩვენ ვართ აბრაამ ლინკოლნისა და კანონის და წესრიგის პარტია. დავნიშნეთ ყველაზე მეტი მოსამართლე ერთ ვადაში, ვიდრე ოდესმე. ჩვენ დავხარჯეთ ორი ტრილიონი დოლარი არმიის განახლებისთვის. ვაშინგტონში ჭაობს ვაშრობ, არასდროს მეგონა ასეთი ღრმა, მაგრამ ეს ხდება. ჩვენ შევამცირეთ რეგულაციები იმ მასშტაბით, რომელიც არასდროს მომხდარა. სამ წელიწად-ნახევარში ტრამპის ადმინისტრაციაზე მეტი არავის გაუკეთებია. რუსეთთან და საუდის არაბეთთან მუშაობის შედეგად, ბარელი ნავთობის ფასი ნულიდან თითქმის 40 დოლარამდე გაიზარდა, როდესაც ენერგოსექტორს მილიონიბით ზარალი ჰქონდა“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა.
ის გამოეხმაურა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც და აღნიშნა, რომ „რადიკალმა მემარცხენეებმა დააზიანეს ქალაქები, პოლიციის ოფიცრები და ყალბი მედია ამბობდა, თუ რა მშვენიერი აქციები იყო“.
„რადიკალი მემარცხენეები ისტორიის ვანდალიზებას ახდენენ და ანადგურებენ მონუმენტებს. მათ სურთ, გაანადგურონ ჩვენი მემკვიდრეობა და დააწესონ თავიანთი რეპრესიული რეჟიმი. სურთ, დაფინანსება შეუჩერონ და დაშალონ პოლიციის დეპარტამენტები. მემარცხენე ანარქისტებმა ჩამოაგდეს ჯეფერსონის, კოლუმბისა და ვაშინგტონის ძეგლები და დაწვეს აშშ-ის დროშა, რაც დანაშაულია. ჩვენი ერის ღირებულებებზე თავდასხმის დროს, ჯო ბაიდენი ჩუმად არის“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას ძალიან ადრე დახურა ჩინეთთან და ევროპასთან მიმოსვლა.
„ჩვენ გადავარჩინეთ ასობით ათასი სიცოცხლე“, – განაცხადა ტრამპმა.
ამომრჩევლისადმი მიმართვისას მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იქნება უძლიერესი.
„ნოემბერში რამე სისულელეს თუ არ ჩავიდენთ, უძლიერესი ეკონომიკა გვექნება. „დემოკრატების“ გამარჯვების შემთხვევაში კი, უსაფრთხოდ არავინ იქნება. ჯო ბაიდენი არ არის მისი პარტიის ლიდერი, ის რადიკალების მარიონეტია. ის არ არის მემარცხენე რადიკალი, მაგრამ მას მემარცხენე რადიკალები აკონტროლებენ. ბაიდენს და რადიკალებს სურთ, დასაჯონ ადამიანები ეკლესიაში სიარულისთვის, მაგრამ არა ეკლესიების დაწვისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ბაიდენი ყოველთვის ისტორიის არასწორ მხარესაა.
„ჩვენ უნდა დავიცვათ გერმანია რუსეთისგან, მაგრამ გერმანია უხდის რუსეთს მილიარდობით დოლარს ენერგეტიკულ პროექტებში. როგორ არის ეს? ანგელა მერკელს სურდა თავდაცვის ხარჯების ორ პროცენტამდე გაზრდა 2030 წლისთვის, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ეს დიდი დროა. ჯო ბაიდენი მხარს უჭერდა ამერიკისთვის წამგებიან სავაჭრო ხელშეკრულებებს, რომელზეც ჩვენ თავიდან მოვილაპარაკეთ, ის მხარს უჭერდა ომს ერაყში, ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას, რამაც ჩინეთი უკიდურესად გააძლიერა.
ყველაზე ცუდი არის, რომ ბაიდენი ჩინეთის მხარესაა აშშ-ის საწინააღმდეგოდ. ბაიდენი ყოველთვის ისტორიის არასწორ მხარესაა. მას არასდროს მიუღია სწორი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ის ჩინეთის მარიონეტია, მაგრამ ჩინელები ჩემით არ არიან ბედნიერები, რადგან მილიარდობით დოლარი უკან დავაბრუნეთ. ობამამ ირანელებს ას მილიარდზე მეტი მისცა და მათ შორის, მილიარდი ქეშის სახით. ნახეთ, რომ ბაიდენის შვილს უკრაინაში თვეში 80 000-ზე მეტს უხდიდნენ არაფერში. ჩვენ გავანეიტრალეთ მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტები, „აისისის“ ალ-ბაღდადი და ყასემ სოლეიმანი. ბაიდენი ტროას ცხენია სოციალიზმისთვის. ნოემბერში ბაიდენ-ობამას გამარჯვება ჩვენს ქვეყანას გაანადგურებს. შავკანიანი ამერიკელებისთვის ოთხ წელიწადში იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე ბაიდენმა 47 წელიწადში“, – განაცხადა მიტინგისას დონალდ ტრამპმა.