დონალდ ტრამპი – ირანთან შეთანხმებას შუალედური არჩევნების შემდეგ მივაღწევთ ან სრულად გავანადგურებთ, რათა არასდროს მიეცეთ ადამიანებისა და ქვეყნების ხელახლა განადგურების შანსი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ირანის მიმართ მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა და განაცხადა, რომ თეირანის ბირთვული ამბიციებისა და ტერორიზმის დასასრულებლად გადამწყვეტი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
თავის გამოსვლაში ტრამპმა დეტალურად ისაუბრა აშშ-ის მიერ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებზე (Midnight Hammer და Epic Fury), რომელთა შედეგადაც, მისი თქმით, ირანის ბირთვული პროგრამა, საჰაერო და საზღვაო ძალები, ასევე სარაკეტო წარმოების უდიდესი ნაწილი განადგურდა. პრეზიდენტის განცხადებით, სანქციებისა და სამხედრო დარტყმების ფონზე, ირანის ეკონომიკა კოლაფსშია, ხოლო ინფლაციამ 300%-ს გადააჭარბა.
ამასთან, აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად განადგურებული სამხედრო ინფრასტრუქტურისა, მის წინაშე მნიშვნელოვანი დილემა დგას – წავიდეს ირანთან ახალ გარიგებაზე, თუ საბოლოოდ გაანადგუროს რეჟიმი. ტრამპის თქმით, იგი ელოდება, რომ ოფიციალური თეირანი შეთანხმებას აშშ-ის შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დათანხმდება.
„დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები. დაიდება ირანთან შეთანხმება, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, აღადგინონ და შექმნან ბევრად უკეთესი ქვეყანა, ვიდრე ოდესმე ყოფილა? შესაძლოა, ერთ-ერთი უდიდესი ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოშიც კი. თუ სრულიად გავანადგურო ისლამური რესპუბლიკა და ეს გავაკეთო სწრაფად, რათა არასდროს მიეცეთ ადამიანებისა და ქვეყნების ხელახლა დახოცვისა და განადგურების შანსი? გავაგზავნო ისინი ჯოჯოხეთში, გადარჩენის შანსისა და მომავალი დიდებულების თუ თაობების იმედის გარეშე? თუმცა მჯერა, რომ შეთანხმებას მივაღწევთ არჩევნების დასრულებისთანავე, რადგან მათთვის უბრალოდ აზრს მოკლებულია ამის არგაკეთება. ისინი ელოდებიან, როგორ დავასრულებ შუალედურ არჩევნებს. რაც მათ ვერ გაუგიათ, არის ის, რომ მე არ ვმონაწილეობ არჩევნებში. ეს უკვე გავაკეთე და გავიმარჯვე დიდი უპირატესობით და აქ ვიქნები კიდევ ორ-ნახევარი წელი“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უარყო ცნობები ამერიკული შეიარაღების მარაგების შემცირების შესახებ და აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში 18 ახალი სამხედრო საწარმო შენდება, რაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს საბრძოლო მასალების უპრეცედენტო რაოდენობით მომარაგებას უზრუნველყოფს.
გამოსვლის დასასრულს, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთში მიღწეულ პროგრესს და შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ სწორედ მისი ადმინისტრაციის ძალისხმევით დასრულდა ომი ღაზას სექტორში და ყველა მძევალი დაბრუნდა სახლში.