დონალდ ტრამპი – ირანთან ომმა რესპუბლიკელების მარცხზე, დიდი ალბათობით, გავლენა მოახდინა, თუმცა სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას კვლავ მივიღებდი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხზე, ირანთან ომმა, დიდი ალბათობით, გავლენა მოახდინა, თუმცა აღნიშნა, რომ იგივე გადაწყვეტილებას კვლავ მიიღებდა.
თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკელების მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ირანთან ომი გახდა.
„ვფიქრობ, ეს დიდწილად სიმართლეა, რადგან მოკლევადიან პერსპექტივაში საწვავზე ფასები ცოტათი გაზარდა და, სავარაუდოდ, ეს მართლაც ასეა“,- განაცხადა ტრამპმა.
თუმცა, მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას კვლავ მიიღებდა.
„ამავდროულად, თავიდან რომ მქონდეს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ისევ იმავეს გავაკეთებდი, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ერთადერთი გამოსავალია. ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ უნდა მივცეთ“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, მიაჩნია, რომ ირანთან ომი ღირდა.
„ვფიქრობდი, რომ ნავთობზე ფასები გაცილებით მეტად გაიზრდებოდა და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ გათვლით მივიღე. სხვა არჩევანი არ გაქვს, ეს უნდა გააკეთო. ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ უნდა მისცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ერთ დღეს ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, აღარ არსებობდეს“- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დემოკრატების მიერ წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლის მოპოვების საკითხზე. მისი თქმით, დემოკრატებთან თანამშრომლობას შეეცდება, თუ ისინი კონსტრუქციულად იმოქმედებენ.
„სავარაუდოდ, შევძლებ მათთან ურთიერთობას, თუ ისინი დესტრუქციულად მოქმედებას არ გადაწყვეტენ“,- განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, მას ვეტოს უფლებაც აქვს.
„მათ უკვე დამირეკეს და საკითხების განხილვა სურთ, რაც მისაღებია“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აწუხებს თუ არა ის ფაქტი, რომ დემოკრატების მიერ კონგრესზე კონტროლის მოპოვების შემდეგ შესაძლოა, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა.
„არა. ოდნავადაც არ მაწუხებს“,- განაცხდა ტრამპმა.
მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება თავად დემოკრატიულ პარტიას დააზარალებს.
„ვფიქრობ, თუ ისინი ამას გააკეთებენ, დემოკრატიულ პარტიას გაანადგურებენ. იმპიჩმენტი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. რის გამო? იმის გამო, რომ ქვეყანას წარმატებით ვმართავ? ჩვენი ქვეყანა ახლა უფრო წარმატებულია, ვიდრე მისი ისტორიის ნებისმიერ სხვა პერიოდში“,- განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი სახელი რომ ყოფილიყო საარჩევნო ბიულეტენში, რესპუბლიკური პარტია შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნანობს თუ არა, რომ საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპზე სხვაგვარად არ იმოქმედა, ტრამპმა უპასუხა: „ბიულეტენში ჩემი სახელიც რომ ყოფილიყო, გავიმარჯვებდით“.
მისივე თქმით, რესპუბლიკელებმა ვერ შეძლეს, ამომრჩევლებისთვის გადაეცათ ის მხარდაჭერა და ენთუზიაზმი, რომელსაც თავად წინასაარჩევნო შეხვედრებზე გრძნობდა.
„ეს უდიდესი სიყვარული იყო, მართლაც გასაოცარი“, – განაცხადა ტრამპმა.