დონალდ ტრამპი - ირანს სურს შეთანხმების დადება, ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შეთანხმების დადებას, ჩვენ ყველაფერს სრულად ვაკონტროლებთ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს სურს მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა.
მისივე თქმით, აშშ-ს ირანში ყველაფერი კარგად აქვს და პროცესები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ჩვენ წარმოუდგენლად კარგად ვმუშაობთ ირანში, ისევე როგორც ვენესუელაში, სადაც ყველაფერი ერთ დღეში დასრულდა. ყველაფერი შეუფერხებლად მიდის და ვნახოთ, რა მოხდება. მათ გარიგების დადება სურთ, მათ მოლაპარაკება სურთ“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
ამასთან, ტრამპმა შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადის ეფექტიანობაზეც ისაუბრა.
„საზღვაო ძალების მიერ შესრულებული სამუშაო ფოლადის კედელს ჰგავს – ვერავინ გადის, განსაკუთრებით ირანელები, ვერაფერს ახერხებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემენ.
„საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც ძალიან სურთ შეთანხმების დადება. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შეთანხმების დადებას. ჩვენ ყველაფერს სრულად ვაკონტროლებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.