დონალდ ტრამპი - ირანი ახლა ძალიან ძლიერია და არ მივცემთ ბირთვული იარაღის ქონის საშუალებას, მე როცა წავედი, ირანი დიდ პრობლემებში იყო, არ ჰქონდა ფული „ჰამასისთვის“, მაშინ 7 ოქტომბერი ვერ მოხდებოდა
დონალდ ტრამპი - ირანი ახლა ძალიან ძლიერია და არ მივცემთ ბირთვული იარაღის ქონის საშუალებას, მე როცა წავედი, ირანი დიდ პრობლემებში იყო, არ ჰქონდა ფული „ჰამასისთვის“, მაშინ 7 ოქტომბერი ვერ მოხდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლა, სადაც მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნასთან დაკავშირებით კითხვაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ყველა ითხოვს ერთ რამეს, იცით, რას? – მშვიდობას. ჩვენ გვსურს მშვიდობა. გვსურს, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეკითხვა დაუსვეს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ.

„პრეზიდენტმა ტრამპმა დიდი ძალისხმევით და ძლიერი ლიდერობით შეიტანა წვლილი ამ პროცესში. მე ამას ვაფასებ. მხარს ვუჭერ ყველა მძევლის გათავისუფლებას და ჩვენი საომარი მიზნების მიღწევას; ეს მოიცავს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზა აღარასდროს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ისაუბრა ირანის საკითხზეც და აღნიშნა, რომ როდესაც მისი პრეზიდენტობის პირველი ვადა დასრულდა, ირანი დიდ პრობლემებში იყო, არ ჰქონდა ფული „ჰამასისთვის“ და მაშინ „ვერ მოხდებოდა 7 ოქტომბერი“.

მისივე თქმით, ირანი ახლა ძლიერია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ გახდებიან სუსტები.

„ისინი არ არიან სუსტები, ახლა ძალიან ძლიერები არიან. ჩვენ არ მივცემთ მათ ბირთვული იარაღის ქონის საშუალებას. ძალიან მარტივია. მე როდესაც წავედი, ირანი დიდ პრობლემებში იყო, მათ არ ჰქონდათ ფული „ჰამასისთვის“, არ ჰქონდათ ფული „ჰეზბოლასთვის“. მაშინ პრობლემა არ იყო. 7 ოქტომბერი ვერ მოხდებოდა. ისინი ძალიან სწრაფად გაძლიერდნენ. მათ გაყიდეს ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა ჩინეთში და ყველგან, სადაც კი შეძლეს, რაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ვერ მოხდებოდა. ისინი არ არიან სუსტები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გახდებიან სუსტები“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინაში ომზეც და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია წარმატებით მუშაობს ამ საკითხზე.

„იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემას არცთუ ისე შორეულ მომავალში მოვაგვარებთ. ეს რთული პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ვაგვარებთ პრობლემებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს მსგავსი კონფლიქტები არ მომხდარა.

„როდესაც მე წავედი, არ იყო პრობლემა. არ იყო უკრაინისა და რუსეთის ბრძოლა. ეს არასდროს მოხდებოდა, არც კი იქნებოდა ამის შანსი, მაგრამ ახლა ჩვენ ვდგავართ ამ სიტუაციის წინაშე, რომელიც ზოგ შემთხვევაში უკეთესია და ზოგ შემთხვევაში – უარესი“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ამდენი პრობლემა და მსხვერპლი გამოიწვია „ძალიან ცუდმა ლიდერობამ“.

„ახლა ჩვენ ბევრი ხანძარი გვაქვს, მაგრამ ჩვენ მათ ჩავაქრობთ. ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, – განაცხადა ტრამპმა.