დონალდ ტრამპი იორდანიაში ირანის დაბომბვის შედეგად ორი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვას ეხმაურება – „მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ არ სურდათ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა“

13:24, 19.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იორდანიაში ირანის დაბომბვის შედეგად ორი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯარისკაცებმა უდიდესი მსხვერპლი გაიღეს, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონი, შესაძლოა, უფრო ფართო კონფლიქტში ჩაერთოს, თუ თეირანი არ შეჩერდება. ტრამპი ამტკიცებს, რომ აშშ-ის სამხედრო მისია კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ არ სურდათ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა… და ეს უბრალოდ აჩვენებს, თუ რამდენად ცუდები არიან [ირანელები]“, – განაცხადა ტრამპმა ჯარისკაცებზე საუბრისას.

იორდანიაში, მუვავფაკ სალტის საჰაერო ბაზაზე თავდასხმის შედეგად აშშ-ის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ერთი დაკარგულად ითვლება, ხოლო, სულ მცირე, ოთხი დაშავდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაიცვა ომის მიმდინარეობა მას შემდეგ, რაც კონგრესის რამდენიმე დემოკრატმა წევრმა განცხადება გააკეთა და ტრამპი ჯარისკაცების სიკვდილში დაადანაშაულეს.

„ოდესმე გიკითხავთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა ვიეტნამში? ოდესმე გიკითხავთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ერთ დღეში? ერთ დღეში, როდესაც მძინარე ჯო ბაიდენი მართავდა? ჩვენ ორ ომზე ვსაუბრობთ: ვენესუელასა და ამაზე. სამწუხაროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი იმიტომ დაიღუპნენ, რომ არ სურდათ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა და არ სურდათ ახლო აღმოსავლეთის აფეთქება“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი