აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი იმპიჩმენტის პროცედურას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არაფერი დაუშავებია.
„შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ დღეს ჩემი იმპიჩმენტი მოხდება რადიკალი მემარცხენეების მიერ! არაფრის გამკეთებელი „დემოკრატები“ და მე მცდარი არაფერი გამიკეთებია! საშინელებაა! წაიკითხეთ ტრანსკრიპტები. ეს აღარასდროს უნდა დაემართოს სხვა პრეზიდენტს. ილოცეთ!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
დონალდ ტრამპი ასევე აცხადებს, რომ იმპიჩმენტი ქვეყნისთვის „საშინელი იდეაა“.
„იმპიჩმენტი საშინელი იდეაა ქვეყნისთვის. რაც უფრო მეტი ადამიანი იგებს იმპიჩმენტის შესახებ, მით უფრო ნაკლებ ადამიანს სურს იმპიჩმენტი“, – წერს ტრამპი.
დღეს წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს. ოპონენტები დონალდ ტრამპს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე ზემოქმედებაში ადანაშაულებენ. აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.