დონალდ ტრამპი – ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანს ძალიან მძიმე დარტყმა ელოდება

09:22, 05.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თეირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს, თუმცა გააფრთხილა, რომ ირანი საკუთარ ვალდებულებებს თუ არ შეასრულებს, შეერთებული შტატები სამხედრო დარტყმებს განაახლებს.

„ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ძალიან მძიმე დარტყმას მიიღებენ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანი შეთანხმებიდან კვლავ თუ უკან დაიხევს, პასუხი გაცილებით მკაცრი იქნება.

„ისინი ისევ უკან თუ დაიხევენ, ძალიან ძლიერ დარტყმას მიიღებენ. მათ ეს იციან, ესმით, რომ სხვა არჩევანი არ დამრჩება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი სამხედრო ოპერაციების განახლება არ არის და უპირატესობას დიპლომატიურ შეთანხმებას ანიჭებს.

„ჩვენ მათ ძალიან, ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენეთ, მაგრამ ყველაზე მძიმე დარტყმა ჯერ კიდევ წინ არის და იმედი მაქვს, მისი გამოყენება არ მოგვიწევს. იმედი მაქვს, ეს საჭირო არ გახდება – ჩვენ ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვაქვს. მათ უბრალოდ ამის აღიარება არ სურთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, ირანი უარყოფს, რომ შეერთებულ შტატებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს. თეირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მხოლოდ ომანთან მართავს.

მსგავსი