დონალდ ტრამპი - გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება, გრენლანდიის სანაპიროს თუ დააკვირდებით, ყველგან რუსულ და ჩინურ გემებს დაინახავთ
დონალდ ტრამპი - გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება, გრენლანდიის სანაპიროს თუ დააკვირდებით, ყველგან რუსულ და ჩინურ გემებს დაინახავთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანას გრენლანდია სჭირდება არა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისთვის, არამედ ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

დონალდ ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა ევალება პრეზიდენტის მიერ გრენლანდიის საკითხებში დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს და კვლავ სურს თუ არა, გრენლანდიის აშშ-ის შემადგენლობაში შესვლა.

ტრამპის თქმით, ამ პოსტზე სურვილი თავად ლუიზიანას გუბერნატორმა, ჯეფ ლენდრისმა გამოხატა.

„ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მათ ძალიან მცირე მოსახლეობა ჰყავთ. დანიამ ფული არ დახარჯა. მათ სამხედრო დაცვა არ აქვთ. ამბობენ, რომ დანია იქ 300 წლის წინ იყო ან რაღაც მსგავსი. ასე რომ, ყველაფერი უნდა გავარკვიოთ, მაგრამ მას ძალიან მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და არა სასარგებლო წიაღისეულისთვის. ჩვენ გვქონდა მინერალებისა და ნავთობის რამდენიმე ობიექტი. მე ვგულისხმობ, რომ ჩვენ გვაქვს მეტი ნავთობი, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანას. გრენლანდიას თუ დააკვირდებით, სანაპიროს ზემოთ და ქვემოთ, ყველგან რუსულ და ჩინურ გემებს დაინახავთ“, – თქვა ტრამპმა.