დონალდ ტრამპი – ესპანეთში მომხდარი კატასტროფა ქვეყნის ინვაზიას ჰგავს, ეს არის სუსტი კანონმდებლობა, ცუდი მართვა, ძალიან ლიბერალური კანონი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თვალყურს ადევნებდა ესპანეთის ანკლავ სეუტაში „მომხდარ კატასტროფას“ .
„ვუყურე იმ კატასტროფას, რომელიც ესპანეთში მოხდა. ეს ასობით ათასი ადამიანის მხრიდან ქვეყნის ინვაზიას ჰგავს. იგივე დაგვემართება ჩვენც, თუ რესპუბლიკელები არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ, ოღონდ უფრო მძიმედ. ბევრად უფრო მარტივად შემოაღწევენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ათასობით მილის სიგრძის კედელი ავაშენეთ. მათ ეს არ ჰქონდათ. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო საზღვარი. ხელისუფლებაში თუ აღარ ვიქნებით, ჩვენს ქვეყანას ისეთი მასშტაბით შემოესევიან, რომ ესპანეთი წვრილმანად მოგვეჩვენება“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, სეუტაში მომხდარზე დაკვირვებისას გადაწყვიტა, ეს საკითხი მთავარ თემად ექცია შუალედური არჩევნებისთვის.
„როცა უყურებ, რა მოხდა ესპანეთში – მათ არ იციან, რა გააკეთონ. ეს უბრალოდ ქვეყნის ინვაზიაა და ეს არის სუსტი კანონმდებლობა, ცუდი მართვა, ძალიან ლიბერალური კანონი. მათ რამდენიმე კანონი მიიღეს და ხალხმა წაიკითხა. იცით, ხალხი ჭკვიანია. ისინი სხვა ქვეყნებზეც კითხულობენ. გადაცურეს სამი მილი, ასეთი არავის უნახავს. ეს კარგადაც კი მოგვეჩვენება იმასთან შედარებით, რაც შეერთებულ შტატებს ელოდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა გაიხსენა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიგრაციული პოლიტიკა და ის „ყველაზე ცუდ ნაბიჯად“ შეაფასა.