დონალდ ტრამპი – ესპანეთი მიგრაციული კრიზისის გამო განადგურდება

00:44, 04.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში სეუტაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის გამო ესპანეთს განადგურება ემუქრება.

„ესპანეთი განადგურდება. ესპანეთთან დაკავშირებით მეც მქონდა პრობლემები, რადგან ესპანეთი ნატო-სთან დაკავშირებით კარგად არ იქცევა. ისინი არ იხდიან იმდენს, რამდენიც უნდა გადაიხადონ. ეს ძალიან სამწუხაროა. სხვა ქვეყნები იხდიან, ისინი კი – არა. თუმცა, რაც იქ ხდება, ამის ყურება ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მიგრაციული კრიზისის წინაშე გაერთიანებული სამეფოც დგას, თუმცა ვითარება, სეუტაში განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, ნაკლებად თვალსაჩინოა.

„სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, თქვენც გაქვთ საკუთარი პრობლემები, თუმცა ის ისეთი თვალსაჩინო არ არის, როგორც იქ. იცით, თქვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანი უბრალოდ ძალით არ შემოდის. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა ბრიტანეთზე საუბრისას კიდევ ერთხელ გამოხატა აღფრთოვანება მეფე ჩარლზის მიმართ და აღნიშნა, რომ მას ბრიტანეთი, როგორც ქვეყანა, უყვარს. თუმცა, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემის მთავრობას სერიოზული პრობლემების გადაჭრა მოუწევს.

„თქვენს ქვეყანას პრობლემები აქვს. თქვენ კატასტროფის ზღვარზე ხართ. თქვენ გაქვთ ძალიან სერიოზული მიგრაციული პრობლემა და ძალიან სერიოზული ენერგეტიკული პრობლემა. თქვენი ენერგიის ფასი სამჯერ, ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მასობრივი მიგრაცია ბრიტანეთის იერსახეს ცვლის.

„თუ არ შეაჩერებთ მთელი მსოფლიოდან ადამიანების თქვენს ქვეყანაში შემოდინებას, საბოლოოდ ქვეყანა აღარ დაგრჩებათ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი