დონალდ ტრამპი - ერთად ვიბრძოლებთ ამერიკული ოცნებისთვის, დავიცავთ და შევინარჩუნებთ ცხოვრების ამერიკულ წესს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „რადიკალი მემარცხენეების დამარცხების პროცესშია“. ამის შესახებ მან თეთრი სახლის ეზოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამერიკელმა გმირებმა დაამარცხეს ნაცისტები, დაამარცხეს ფაშისტები, დაამხეს კომუნისტები, გადაარჩინეს ამერიკული ღირებულებები, დაიცვეს ამერიკული პრინციპები და დევნიდნენ ტერორისტებს დედამიწის ბოლოში. ახლა ჩვენ ვიმყოფებით რადიკალი მემარცხენეების, მარქსისტების, ანარქისტების, აგიტატორების, მაროდიორობის დამარცხების პროცესში. იმ ადამიანების, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში წარმოდგენა არ აქვთ, რას აკეთებენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მან მიმართა საზოგადოებას, რომ ერად დაიცავენ და შეინარუნებენ ცხოვრების ამერიკულ წესს.
„ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ განრისხებულმა დაჯგუფებამ დაამხოს ჩვენი ძეგლები, წაშალოს ჩვენი ისტორია, შთააგონონ ჩვენი შვილები ან გათელონ ჩვენი თავისუფლებები. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებს, წესებსა და რწმენას. ჩვენ ვასწავლით ჩვენს შვილებს თავისი ქვეყნის მოვლასა და სიყვარულს, რომ მათ შეძლონ მისი მომავლის შენება. ერთად ჩვენ ვიბრძოლებთ ამერიკული ოცნებისთვის, დავიცავთ და შევინარჩუნებთ ცხოვრების ამერიკულ წესს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თეთრ სახლში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, ტრამპის ადმინისტრაციის მიწვევით, ასობით მედიკოსმა მიიღო მონაწილეობა. აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სამხედრო საჰაერო შოუ და ფოიერვერკი მოეწყო.