დონალდ ტრამპი დღეს მოაწერს ხელს ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის კანონს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი
დონალდ ტრამპი დღეს მოაწერს ხელს ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის კანონს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ხელს მოაწერს ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი.

დოკუმენტი 2019 წელს შეერთებული შტატების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად 716 მილიარდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი კანონს, ნიუ-იორკში ფორტ დრამის ბაზაზე მოაწერს ხელს.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი სენატმა აგვისტოს დასაწყისში დაამტკიცა. დოკუმენტში საუბარია ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაზე. ასევე ის საქართველოსა და უკრაინის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

დოკუმენტში საუბარია, თავდაცვით ლეტალურ დახმარებაზე, „რაც მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მზადყოფნისა გაძლიერებისკენ. ასევე საქართველოს ძალების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის გაუმჯობესებისკენ”.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა უნდა ჩაერთონ შავ ზღვაში დაგეგმილ წვრთნებში. კიდევ ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა დაადასტუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულება და მათ შორის საქართველოს ალიანსში სამომავლო წევრობის მხარდაჭერა.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, აშშ უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს. ამ თანხიდან 50 მილიონი დოლარი ლეტალურ იარაღზეა გათვლილი.