დონალდ ტრამპი – ერდოღანი ძლიერი ლიდერია, ვთხოვე, ირანთან კონფლიქტში არ ჩართულიყო და ასეც მოიქცა, ასევე შესანიშნავად მოიქცა ჩინეთის პრეზიდენტი, გულწრფელად ვიტყვი, იგივე გააკეთა პუტინმაც
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე თურქეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა. მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მეგობარი უწოდა და აღნიშნა, რომ მან ტრამპის თხოვნის გამო ირანის მხარეს ომში სავარაუდო ჩართვისგან თავი შეიკავა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ძალიან კარგად მოიქცნენ ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებიც, რომლებსაც ასევე შეეძლოთ ომში ჩართვა.
„მე ის მომწონს. ის ჩემი მეგობარია და მან ომისგან თავი შორს დაიჭირა. იცით, ის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო, რომ ომში ჩართულიყო, სავარაუდო ირანის მხარეს, რადგან, როგორც იცით, ის ისრაელის დიდი მხარდამჭერი არ არის. მე ვთხოვე, რომ ამ კონფლიქტში არ ჩართულიყო და ასეც მოიქცა. იცით, კიდევ ვინ მოიქცა შესანიშნავად? ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. მასაც შეეძლო ჩართულიყო. მისი ნავთობის დაახლოებით ნახევარი სწორედ იმ რეგიონიდან მოდის. მესმოდა, რატომ შეიძლებოდა მას ჩარევა სდომებოდა, მაგრამ ვთხოვე, რომ თავი შორს დაეჭირა და ის ასეც მოიქცა. ჩვენ კარგი საქმე გავაკეთეთ. ერდოღანი გამორჩეული ლიდერია, ძალიან ძლიერი პიროვნებაა და ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავს. ვთხოვე, რომ არ ჩარეულიყო და ასეც მოიქცა. იგივე გააკეთა პრეზიდენტმა სიმაც. გულწრფელად რომ ვთქვათ, იგივე გააკეთა პუტინმაც, თუ კარგად დავაკვირდებით. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერს სხვა საკითხებიც აქვს, რომლებზეც ყურადღების გამახვილება უწევს. მაგრამ ყველა მათგანი განზე დარჩა. ეს საკმაოდ გასაოცარი იყო. ხალხი გაკვირვებული დარჩა. ვფიქრობ, ერდოღანს ძალიან უყვარს თურქეთი, ხომ ასეა? ის დიდებულ საქმეს აკეთებს. მას უყვარს თურქეთი. მე მიყვარს ამერიკის შეერთებული შტატები, მას კი უყვარს თურქეთი და თავის საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს. ის პატივსაცემი ადამიანი, პატივსაცემი ლიდერი და ჩემი მეგობარია. ერდოღანი ძლიერი ლიდერია და ყველაფერი, რაც კი ოდესმე მისთვის მითხოვია, ეს გაუკეთებია”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.