დონალდ ტრამპი ელოდება, რომ მის ყოფილ ადვოკატს, მაიკლ კოენს სასამართლო მკაცრ განაჩენს გამოუტანს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ელოდება, რომ მის ყოფილ ადვოკატს, მაიკლ კოენს სასამართლო მკაცრ განაჩენს გამოუტანს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპი იმედოვნებს, რომ კოენისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი „სრული“ იქნება. დონალდ ტრამპის თქმით, მაიკლ კოენი ცრუობდა, როდესაც 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს რუსეთთან ტრამპის ბიზნესკავშირებზე საუბრობდა. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ცრუ ჩვენებების მიცემით კოენი საკუთარი განაჩენის შემსუბუქებას ცდილობს.
როგორც მოსალოდნელია, სასამართლო დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის საქმეზე გადაწყვეტილებას 12 დეკემბერს გამოაცხადებს. მაიკლ კოენმა გადასახადებისგან თავის არიდება, ყალბი საბანკო დოკუმენტების დამზადება, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ფინანსური დარღვევები და კონგრესისთვის ცრუ ჩვენებების მიცემა აღიარა.
დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი, მაიკლ კოენი ამჟამად სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ოფისთან თანამშრომლობს, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და ტრამპის მოსკოვთან შესაძლო კავშირებს იძიებს.
გასულ კვირას კოენმა ჩვენებების მიცემის დროს განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან დონალდ ტრამპის სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას. დონალდ ტრამპი აღნიშნულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს, გამოძიებას კი „ალქაჯებზე ნადირობად“ აფასებს.
ბრალდებულის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს თხოვნით, არ მიუსაჯოს მათი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობა.