დონალდ ტრამპი - ძალიან უკმაყოფილო ვარ ესპანეთით, ის ნატო-ს ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც არ გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის 5 პროცენტამდე, ესპანეთი უნდა დაისაჯოს ამისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ესპანეთი იმის გამო, რომ ქვეყანა თავდაცვის ბიუჯეტს მშპ-ის 5 პროცენტამდე არ ზრდის და განაცხადა, რომ ეს ნატო-ს მიმართ უპატივცემულობაა.
„მე ძალიან უკმაყოფილო ვარ ესპანეთით. ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც არ გაზარდა თავისი რიცხვი 5%-მდე. ნატო-ს ყველა სხვა ქვეყანამ გაზარდა 5%-მდე. ესპანეთი ძალიან კარგად გრძნობს თავს ჩვენს ხარჯზე“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, განიხილავს ტარიფებს, როგორც „სავაჭრო სასჯელს“ ესპანეთის წინააღმდეგ.
„მე ვფიქრობ, რომ ისინი უნდა დაისაჯონ ამისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ის 2.1-პროცენტიანი დაფინანსებით ესპანეთი აკმაყოფილებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ნატო ქვეყნისგან ითხოვს. მანამდე, 10 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ესპანეთი ნატო-დან უნდა გააგდონ.