დონალდ ტრამპი – დღეს ხელს მოვაწერ დოკუმენტს, რომლითაც ხელოვნურ ინტელექტს სახელს შევუცვლით და ოფიციალურად დავარქმევთ სუპერინტელექტს

00:32, 30.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის ახალი სახელწოდება სუპერინტელექტი იქნება.

როგორც ტრამპმა თეთრ სახლში, ტექნოლოგიური სფეროს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, სახელის ცვლილების შესახებ დოკუმენტს დღეს მოაწერს ხელს.

„დღეს, დაახლოებით ხუთ საათზე, ხელს მოვაწერთ დოკუმენტს, რომლითაც ხელოვნურ ინტელექტს სახელს შევუცვლით, რადგან ის ხელოვნური არ არის. ამაზე ყველა ვთანხმდებით. ოფიციალურად დავარქმევთ მას სუპერინტელექტს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ტექნოლოგიის აღსაწერად სიტყვა „ხელოვნური“ შესაფერისი არ არის.

ამასთან, ტრამპმა შეხვედრა „ძალიან პროდუქტიულად და უკიდურესად მეგობრულად“ შეაფასა. მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებს საერთო ინტერესი აქვთ, რომ აშშ სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში ლიდერ პოზიციაზე დარჩეს.

„ზოგი ამბობს, რომ ეს ინდუსტრიულ რევოლუციაზე უფრო მასშტაბურია. არ ვიცი, ასეა თუ არა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა ასე ფიქრობს და შესაძლოა, მართლაც ბევრად უფრო მასშტაბური იყოს“, – აღნიშნა ტრამპმა.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანიების ხელმძღვანელები და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გლობალურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათ შორის, იყვნენ: ილონ მასკი, Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი დარიო ამოდეი და OpenAI-ის პრეზიდენტი გრეგ ბროკმანი.

მსგავსი