დონალდ ტრამპი დემოკრატიული პარტიის წევრ ქალ კონგრესმენებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩამოვიდნენ და დაეხმარონ პრობლემების მოგვარებაში
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატიული პარტიის წევრ ქალ კონგრესმენებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩამოვიდნენ და დაეხმარონ პრობლემების მოგვარებაში.
„საინტერესოა პროგრესული დემოკრატი ქალების ნახვა, რომლებიც ჩამოვიდნენ იმ ქვეყნებიდან, რომელთა მთავრობები სრული კატასტროფა, საშინელებაა და კორუფციულია. ეს ქალები ხმამაღლა ეუბნებიან ამერიკის მოსახლეობას, როგორ უნდა მოქმედებდეს მთავრობა. რატომ არ ბრუნდებიან უკან და ეხმარებიან დანგრეული, კრიმინალური ადგილების დამაგრებაში. შემდეგ ჩამოვიდნენ და გვითხრან, როგორ შეძლეს ეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
აშშ-ის პრეზიდენტს სახელები არ დაუკონკრეტებია, თუმცა „როიტერი“ წერს, რომ დონალდ ტრამპი სავარაუდოდ ალექსანდრია ოქაზიო-კორტესს, ილჰან ომარს, აიანა პრესლისა და რაშიდა ტლაიბს გულისხმობდა, რომლებიც ტრამპის კრიტიკით არიან ცნობილი.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ტრამპის განცხადებებს „ქსენოფობიური“ უწოდა.