დონალდ ტრამპი - დემოკრატები არჩევნების მოპარვას და გაყალბებას ცდილობენ
დონალდ ტრამპი - დემოკრატები არჩევნების მოპარვას და გაყალბებას ცდილობენ

დემოკრატები არჩევნების მოპარვას და გაყალბებას ცდილობენ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ბევრ შტატში დამკვირვებლებს საშუალებას არ აძლევენ, ხმების დათვლას მიადევნონ თვალი. ტრამპის განცხადებით, მოსალოდნელია უამრავი სასამართლო პროცესი და შესაძლოა, დავამ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლოს. მისივე თქმით, კანონიერი გზით მიცემული ხმების დათვლის შემთხვევაში ის იოლად გაიმარჯვებს.

„თუ კანონიერად მიცემულ ხმებს დაითვლით, მე მარტივად გავიმარჯვე. თუ დათვლით უკანონო ხმებს, მაშინ დემოკრატები ჩვენი არჩევნების მოპარვას ცდილობენ. ამასთან ერთად, ძალიან ბევრი ხმა დაგვიანებით მივიდა კომისიებში. ეს სერიოზული საკითხია. უკვე მოვიგე ძალიან ბევრი კრიტიკული შტატი. მათ შორის ფლორიდა, აიოვა, ინდიანა და ოჰაიო. მიუხედავად დიდი მედიების, დიდი ფულისა და დიდი ტექნოლოგიური კომპანიების უპრეცედენტო ჩარევისა, ჩვენ ისტორიული მაჩვენებლებით მოვიგეთ, ხოლო სოციოლოგები შეცდნენ. მათი პროგნოზები სასაცილო აღმოჩნდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მედიის მიერ ჩატარებული კვლევები არჩევნებში ჩარევას წარმოადგენდა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, ყალბი პროგნოზების მიზანი არჩევნებზე ზეწოლა იყო, რათა შეექმნათ ილუზია, თითქოს ჯო ბაიდენი იგებს. ტრამპის განცხადებით, ახლა მხოლოდ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დარჩა ხმები დასათვლელი და ამ შტატებში დათვლის პროცესს დემოკრატები აკონტროლებენ.

„ჩვენ ვიგებდით ძალიან ბევრ გადამწყვეტ შტატში და მნიშვნელოვანი სხვაობით, თუმცა შემდეგ ციფრები სასწაულებრივად გაქრა. ამასთან, ჩვენს დამკვირვებლებს არ მისცეს საშუალება, ხმის დათვლის პროცესისთვის მიედევნებინათ თვალი, ამიტომ ჩვენ სასამართლოს მივმართეთ და როდესაც სასმართლომ ჩვენი დამკვირვებლები უბნებზე დაუშვა, მაშინ კომისიებში განაცხადეს, რომ მათ ძალიან შორიდან უნდა ადევნონ თვალი დათვლის პროცესს“,- განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ის არაერთხელ პროგნოზირებდა, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცესი უსამართლო იყო და თაღლითობისა და კორუფციის საფრთხეს შეიცავს.

„ფოსტით ხმის მიცემა ჩვენს სისტემას დაანგრევს. ეს კორუფციული სისტემაა. ის ადამიანებს კორუფციისკენ უბიძგებს. მაშინაც კი თუ ისინი ამისკენ მიდრეკილები არ არიან. მარტივად რომ ვთქვათ, მათ სურთ გაიგონ, რა რაოდენობით ხმები სჭირდებათ და შემდეგ ამ ხმებს პოულობენ“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ფოსტით გაგზავნილ ყველა ბიულეტენზე დემოკრატების კანდიდატია შემოხაზული, რაც მის გაკვირვებას იწვევს.

„ჩვენი მიზანი არჩევნების მდგრადობის დაცვაა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნები კორუფციამ მოგვპაროს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, დაადუმონ ჩვენი ამომრჩევლები. ისინი ცდილობენ არჩევნების მოპარვას. ისინი არჩევნების გაყალბებას ცდილობენ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ტრამპმა.