დონალდ ტრამპი - ჩვენ შევძელით უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა სულ რაღაც ცხრა თვეში, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო მიღწევაა ისტორიაში
დონალდ ტრამპი - ჩვენ შევძელით უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა სულ რაღაც ცხრა თვეში, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო მიღწევაა ისტორიაში

დღეს აშშ-მა სამედიცინო სასწაულს მიაღწია, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვაში გააკეთა, რომელიც ტრამპმა აშშ-ის კვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელა.

„ჩვენ შევძელით უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შექმნა სულ რაღაც ცხრა თვეში. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო მიღწევაა ისტორიაში. ეს მილიონობით სიცოცხლეს იხსნის და პანდემიას ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს“, – განაცხადა ტრამპმა.

თავის მიმართვაში ტრამპმა მადლობა გადაუხადა ყველა მეცნიერსა და ექიმს, ვინც ვაქცინის შექმნაში მონაწილეობდა. მისივე თქმით, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების ეფექტურობა 95%-ს აღწევს, რაც პროგნოზებს აჭარბებს. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ვაქცინები უსაფრთხოა და სერიოზული უკუჩვენება არ აქვთ.

„სპეციალისტებმა შეისწავლეს ვაქცინა და ის უსაფრთხოების ოქროს სტანდარტს აკმაყოფილებს. ჩემმა ადმინისტრაცია ვაქცინის შექმნის და წარმოების პროცესის დასაჩქარებლად 14 მილიარდი დოლარი გამოყო. მათ შორის ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია დავაბანდეთ კომპანია „ფაიზერში“, რათა პირველ ეტაპზე მან შეძლოს ვაქცინის 100 მილიონი დოზის წარმოება, ხოლო შემდეგ დამატებით – 500 მილიონი დოზის. მე ამაყი ვარ გითხრათ, რომ ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ეს ვაქცინა უფასო იქნება ყველა ამერიკელისთვის. ვაქცინის დისტრიბუცია ყველა შტატში უკვე დაწყებულია. პირველი ვაქცინა 24 საათზე ნაკლებ დროში იქნება ხელმისაწვდომი. ვინ მიიღებს პირველ რიგში ვაქცინას, ამას გუბერნატორები გადაწყვეტენ. ჩვენ გვსურს, ხანდაზმული ადამიანები, ექიმები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები პირველები აიცრან. ეს დრამატულად შეამცირებს სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებს.

როდესაც ჩინური ვირუსი გამოჩნდა ჩვენს ქვეყანაში, პირობა დავდე, რომ ვაქცინა რეკორდულად მოკლე დროში, წლის ბოლომდე გვექნებოდა. მათ გვითხრეს, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ დღეს ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ. აშშ-მა პირველმა შეძლო, დადასტურებულად ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის წარმოება. ეს მიღწევა არის შეხსენება აშშ-ის უსაზღვრო პოტენციალის, რომ ჩვენ გვაქვს ნება და სიმამაცე, მივაღწიოთ ამბიციურ მიზნებს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, პანდემია დაიწყო ჩინეთში და მისი დასასრული იწყება აშშ-ში.