დონალდ ტრამპი – ჩვენ გვინდა, უკრაინის ომი დასრულდეს, მოსკოვში ჯონ რეტკლიფის ვიზიტიდან შესაძლოა, რაღაც შედეგი მივიღოთ
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტიდან შესაძლოა, რაღაც შედეგი მივიღოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გაემგზავრა რეტკლიფი რუსეთში, აშშ-ის პრეზიდენტმა ვიზიტს „ნახევრად რუტინული“ უწოდა.
ტრამპის თქმით, ვაშინგტონი უკრაინაში ომის დასრულებაზე აქტიურად მუშაობს.
„ჩვენ გვინდა, უკრაინის ომი დასრულდეს“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ რეტკლიფი „ფანტასტიკური ადამიანია“.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს ომი დასრულდეს. შესაძლოა, ამ ვიზიტიდან რაღაც შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის სპეცსამსახურებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან კონტაქტები ჰქონდათ, თუმცა ჯონ რეტკლიფსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირი შეხვედრა არ შემდგარა.