დონალდ ტრამპი - ჩინეთის პრეზიდენტთან პროგრესს მივაღწიეთ მათ შორის ვაჭრობაზე, „ფენტანილზე“, უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობასა და „ტიკტოკთან“ დაკავშირებით შეთანხმების დამტკიცებაზე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ პროგრესი მიღწეულია ვაჭრობაზე, ფენტანილზე, უკრაინის ომზე და „ტიკტოკთან“ დაკავშირებით.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი კვლავ გაიმართება.
„ახლახან დავასრულე ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინისთან. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ვაჭრობაზე, „ფენტანილზე“, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების აუცილებლობასა და „ტიკტოკის“ შეთანხმების დამტკიცებაზე. ასევე შევთანხმდით პრეზიდენტ სი ძინპინისთან, რომ ჩვენ შევხვდებოდით სამხრეთ კორეაში, „აპეკის“ სამიტზე და მომავალი წლის დასაწყისში ჩინეთში ჩავალ, პრეზიდენტი სი ძინპინი ასევე შესაბამის დროს შეერთებულ შტატებში ჩამოვა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.