დონალდ ტრამპი – ჩინეთი ცდილობს, პანამის არხზე კონტროლი დაამყაროს, ჩვენ ამის დაშვებას არ ვაპირებთ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ არ დაუშვებს, რომ ჩინეთმა პანამის არხზე კონტროლი დაამყაროს.
მისი თქმით, არხის მშენებლობისას 38 000 ამერიკელი დაიღუპა, არხი კი გახსნის დღიდანვე წარმატებული და მომგებიანი პროექტი იყო.
„ეს იყო ყველაზე ძვირად ღირებული რამ, რაც ჩვენ ოდესმე ავაშენეთ. ის ასევე იყო ყველაზე მომგებიანი რამ, რაც ჩვენ ოდესმე ავაშენეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არხის გადაცემის შემდეგ პანამამ გემებისთვის ტარიფები რამდენჯერმე მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა ამან გადაზიდვებზე გავლენა არ მოახდინა და პანამამ წლების განმავლობაში დიდი შემოსავალი მიიღო.
„ახლა ჩინეთი ცდილობს, პანამის არხზე კონტროლი დაამყაროს, ჩვენ ამის დაშვებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.