დონალდ ტრამპი – ჩემი ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ დაიწყებს თითქმის 100 დოლარის ოდენობის „ჩეკების“ გაგზავნას 20 მილიონზე მეტი შესანიშნავი ხანდაზმულისთვის, რათა დაეხმარონ მათ Medicare Part B-ის პრემიების გადახდაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია 20 მილიონზე მეტ ხანდაზმულ ადამიანს 100 დოლარამდე გადაუხდის, რათა მათ Medicare-ის ჯანმრთელობის დაზღვევის გადასახადის (პრემიის) გადახდაში დაეხმაროს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, შეღავათით სარგებლობას Medicare Part B-ის მფლობელები შეძლებენ, რაც 65 წლის და მეტი ასაკის მქონე ადამიანების კატეგორიას ნიშნავს.
„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ჩემი ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ დაიწყებს თითქმის 100 დოლარის ოდენობის „ჩეკების“ გაგზავნას 20 მილიონზე მეტი შესანიშნავი ხანდაზმულისთვის, რათა დაეხმარონ მათ Medicare Part B-ის პრემიების გადახდაში. ჩვენ ეს გადასახადები უკვე მნიშვნელოვნად შევამცირეთ. ეს თანხა მოვა Medicare-ის გაუმჯობესების ფონდიდან, უაზრო „ფარული ფონდიდან“, რომელსაც მხოლოდ კონგრესის დემოკრატები იყენებდნენ თავიანთი განსაკუთრებული ინტერესების მქონე მეგობრების ფლანგვის, თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების დასაფარად და ჯანდაცვის ხარჯების გასაზრდელად“, -წერს ის.
ამასთან, ტრამპის თქმით, მან გააუმჯობესა ხანდაზმულთა ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მის წინამორბედ ჯო ბაიდენის დროს განადგურების პირას იყო.
„მე პირობა დავდე, რომ დავიცავდი და შევინარჩუნებდი Medicare-ს და სოციალურ უზრუნველყოფას, რომლებიც ჯო ბაიდენის მიერ განადგურების პირას იყო, რომელმაც სულელურად და ბოროტად შემოუშვა ათობით მილიონი არალეგალი უცხოელი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კი სწორედ ამას ვაკეთებთ ამერიკელი ხანდაზმულებისთვის“, – დაწერა მან.