დონალდ ტრამპი - ცალმხრივი დაბომბვა კატარში, რომელიც ჩვენთან ერთად ბევრს მუშაობს და რისკავს მშვიდობის დასამყარებლად, არ უწყობს ხელს არც ისრაელის, არც აშშ-ის მიზნების მიღწევას
დონალდ ტრამპი - ცალმხრივი დაბომბვა კატარში, რომელიც ჩვენთან ერთად ბევრს მუშაობს და რისკავს მშვიდობის დასამყარებლად, არ უწყობს ხელს არც ისრაელის, არც აშშ-ის მიზნების მიღწევას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე ისრაელის თავდასხმას გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია ამის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტრამპის თქმით, ეს იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება და არა – მისი.

„ცალმხრივი დაბომბვა კატარში, სუვერენულ სახელმწიფოსა და აშშ-ის მოკავშირე ქვეყანაში, რომელიც ჩვენთან ერთად ძალიან ბევრს მუშაობს და რისკავს მშვიდობის დასამყარებლად, არ უწყობს ხელს არც ისრაელის, არც ამერიკის მიზნების მიღწევას“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მან სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს დაავალა, მიეწოდა ინფორმაცია კატარელებისთვის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ,

„თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან გვიანი იყო იმისთვის, რომ შეეჩერებინა თავდასხმა“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან , ასევე კატარის ემირსა და პრემიერ-მინისტრთან.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, მან სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს დაავალა, დაასრულოს კატართან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.

ცნობისთვის, ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. „ჰამასის“ განცხადებით, თავდასხმის დროს სულ ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, „ჰამასის“ ხუთი წევრი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კატარის დედაქალაქი დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.