დონალდ ტრამპი - ბოლო დღეებში ჩვენი ერი ხელში ჩაიგდეს პროფესიონალმა ანარქისტებმა და მოძალადეთა ჯგუფებმა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში აშშ ხელში ჩაიგდეს პროფესიონალმა ანარქისტებმა და მოძალადეთა ჯგუფებმა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო დღეებში ჩვენი ერი ხელში ჩაიგდეს პროფესიონალმა ანარქისტებმა და მოძალადე ჯგუფებმა, კრიმინალებმა, „ანტიფამ“ და სხვებმა. ბევრი შტატის ადგილობრივმა მთავრობამ ვერ შეძლო საჭირო ზომების მიღება, რათა დაეცვათ მოქალაქეები. უდანაშაულო ადამიანებს უმოწყალოდ სცემეს. მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცი დალასში, რომელიც ქუჩაში მიატოვეს ან ქალი ნიუ იორკში, რომელსაც თავს დაესხნენ საშიში ავაზაკები. მცირე ბიზნესის მფლობელების ოცნებები დაიმსხვრა. ნიუ იორკის მამაც ექთნებს, რომლებიც ებრძოდნენ ვირუსს, ახლა სახლიდან გასვლის ეშინიათ. აშშ-ის დედაქალაქში ლინკოლნისა და მეორე მსოფლიო ომის მემორიალები ვანდალებმა დააზიანეს. ერთ-ერთ ისტორიულ ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს. ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი. ეს არის შიდა ტერორიზმი. უდანაშაულო სიცოცხლის განადგურება არის თავდასხმა კაცობრიობაზე და ღვთის წინაშე ჩადენილი დანაშაული“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლება არეულობის აღსაკვეთად გადადგამს.
„ჩემი უპირველესი ამოცანაა, დავიცვა ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელები. მე დავდე ფიცი, რომ დავიცავ ამ ქვეყნის კანონმდებლობას და ეს არის ის, რასაც გავაკეთებ. ყველა ამერიკელი ლეგიტიმურად იყო აღშფოთებული ჯორჯ ფლოიდის ძალადობრივი სიკვდილის გამო. ჩემი ადმინისტრაცია მოწოდებულია, რომ ჯორჯისა და მისი ოჯახისთვის მართლმსაჯულება აღსრულდეს. მისი სიკვდილი უბრალოდ არ ჩაივლის. თუმცა, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სამართლიანი პროტესტის მონაწილეები ჩაანაცვლონ განრისხებულმა ბანდებმა. არეულობის ყველაზე დიდი მსხვერპლი არიან ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები და მე როგორც პრეზიდენტი, ვიბრძოლებ მათ დასაცავად. მე ვარ კანონისა და წესრიგის პრეზიდენტი და ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტის მოკავშირე. აშშ-ს სჭირდება შენება და არა ნგრევა, თანამშრომლობა და არა სიძულვილი, უსაფრთხოება და არა ანარქია, განკურნება და არა ზიზღი, სამართლიანობა და არა ქაოსი. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ წარმატებას მივაღწევთ. ჩვენი ქვეყანა მუდამ გამარჯვებულია“, – განაცხადა ტრამპმა.