დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წევრებს შეზღუდვებით ემუქრება
დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წევრებს შეზღუდვებით ემუქრება

დონალდ ტრამპი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსისთვის საიდუმლო მასალებთან წვდომის შეზღუდვას გეგმავს. ჯონ ბრენანთან ერთად, ანალოგიური შეზღუდვის დაწესებას აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ აპირებს. ყველა მათაგანი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა თანამდებობას და ტრამპის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა განაცხადა, საიდუმლო მასალებთან წვდომა შეეზღუდება ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილ უფროსს ჯეიმს კომის, ეროვნული დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელ ჯეიმს კლეპერს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კიდევ ერთ ექს-უფროსს, მაიკლ ჰაიდენას, ობამას ყოფილ თანაშემწეს და მრჩეველს, სიუზან რაისს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, ენდრიუ მაკკეიბს.

როგორც სარა სანდერსმა განმარტა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი საკუთარ სტატუსს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„ისინი პრეზიდენტს უსაფუძვლოდ აბრალებენ რუსეთთან კავშირს და საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომის ხარჯზე ფულს შოულობენ“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მანამდე ამერიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსი ჯონ ბრენანი და თქვა, რომ  აპირებს შეხვდეს ტრამპს და ბრენანისთვის საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომის შეზღუდვა მოსთხოვოს.

ჯონ ბრენანი ბარაკ ობამას მრჩეველი იყო. ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს 2013-2017 წლებში ხელმძღვანელობდა. ბრენანი ცნობილია ტრამპის მიმართ კრიტიკული განცხადებებით. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთს აშშ-ის პრეზიდენტზე კომპრომატები გააჩნია.