დონალდ ტრამპი - აშშ-სა და ისრაელის იერიშებმა ირანში რეჟიმის ცვლილება გამოიწვია, ახლანდელი ლიდერები სრულიად სხვა ხალხია, ჩვენ სწორ ადამიანებთან ვსაუბრობთ და მათ შეთანხმების დადებას ძალიან სურთ
აშშ-სა და ისრაელის იერიშებმა ირანში რეჟიმის ცვლილება გამოიწვია, მაგრამ მე არავის ვენდობი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შიდა უსაფრთხოების ახალი მდივნის, მარკვეინ მალინის ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
„ეს არის რეჟიმის ცვლილება, რადგან ახლანდელი ლიდერები სრულიად სხვა ხალხია, ვიდრე ისინი, ვისთანაც ეს ყველაფერი დავიწყეთ. ჩვენ სწორ ადამიანებთან ვსაუბრობთ და მათ შეთანხმების დადებას ძალიან სურთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკული სამხედრო ოპერაცია უდიდეს წარმატებად შეაფასა და განაცხადა, რომ ირანს აღარ გააჩნია არც საზღვაო ძალები, არც ხელმძღვანელობა და არც რადარული სისტემები.
ჟურნალისტებმა ტრამპს ასევე ჰკითხეს, გააგზავნის თუ არა სპეციალურ წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებებისას, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ამჟამადაც მიმდინარეობს ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისა და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით.
„ირანს შეთანხმება სურს, ვინ არ მოისურვებდა, მათ მდგომარეობაში რომ ყოფილიყო?!“ – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანი დათანხმდა, რომ არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
„ჩვენ ვართ, როგორც ისინი იტყოდნენ, ომში. ისინი ამას ომს ეძახიან, ხოლო მე სამხედრო ოპერაციას, თანაც ძალიან წარმატებულს. ისინი დათანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღი არასოდეს ექნებათ. ამაზე შეთანხმება მიღწეულია. მათი თითქმის ყველაფერი განადგურებულია. შეგიძლიათ, ერთი რამ დაასახელოთ, რაც არ განადგურებულა?“ – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.