დონალდ ტრამპი - აშშ-ს ირანისთვის 300 მილიარდი დოლარი არ გადაუხდია, ეს ყალბი ამბავია, დემოკრატების პროპაგანდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შტატებმა ირანს 300 მილიარდი დოლარი გადაუხადა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ეს მხოლოდ „დემოკრატების“ პროპაგანდაა.
„აშშ-ის მიერ ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის გადახდა არ მომხდარა. ეს ყალბი ამბავია! აშშ-ს მხოლოდ წარმატება, ნავთობის ფასების დაწევა და გამარჯვება აქვს. შეხედეთ საფონდო ბირჟას. დემოკრატების პროპაგანდა მოქმედებაშია!!!“ – წერს ტრამპი.
ამასთან, დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ის კონფლიქტში ჩართულ თითოეულ მხარეს მოუწოდებს, ყველა ფრონტზე ცეცხლი შეწყვიტოს. მისი თქმით, აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებამ – ნავთობის ფასების შემცირება, ხოლო საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების ზრდა გამოიწვია.
„ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობის ერთგულია და ჩვენ მოვუწოდებთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ყველას, შეინარჩუნონ თავიანთი ერთგულება, რათა ჩვენი მოლაპარაკებები კარგად წარიმართოს. ბაზრები აღფრთოვანებულნი არიან იმით, რაც ხდება – ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა და აქციების ფასები მკვეთრად გაიზარდა. ჩვენ ველით ცეცხლის სრულ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანის, „ჰეზბოლასა“ და ისრაელის მიმართულებით“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.