დონალდ ტრამპი – არჩევნების შედეგების გამო საფონდო ბირჟას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე ჰქონდა, ეს რესპუბლიკელები კი არა, დემოკრატები იყვნენ, ნუ გეშინიათ, მალე, ასე თუ ისე, უფრო ძლიერები ვიქნებით
არჩევნების შედეგების გამო საფონდო ბირჟას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე ჰქონდა, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ ღამეს საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებულ მკვეთრ ვარდნას, რომელიც 2025 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო.
ტრამპის თქმით, მან დიდი შრომა გასწია, რათა საფონდო ბირჟა არსებულ ნიშნულებამდე გაზრდილიყო, თუმცა ახლა ბაზარმა მკვეთრი ვარდნა განიცადა.
თეთრი სახლის ლიდერი მომხდარზე პასუხისმგებლობას დემოკრატებს აკისრებს.
„არჩევნების შედეგების გამო საფონდო ბირჟამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე განიცადა. სამწუხარო სანახავია! იმდენი ვიშრომეთ, რომ საფონდო ბირჟა ისეთ ნიშნულამდე აგვეყვანა, როგორიც აქამდე არავის უნახავს და შემდეგ ეს მოხდა. შედეგად, თქვენი 401(k)-ის ანგარიშები (ამერიკული საპენსიო დანაზოგის ანგარიშები) დაეცა. გახსოვდეთ, ეს რესპუბლიკელები კი არა, დემოკრატები იყვნენ. თუმცა ნუ გეშინიათ, ჩვენ მალე, ასე თუ ისე, უფრო დიდები და ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ოდესმე. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული!“ – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, „უოლ სტრიტზე“ 2025 წლის აპრილში დონალდ ტრამპის მიერ ე.წ. გათავისუფლების დღის ტარიფების დაწესების შემდეგ ყველაზე მასშტაბური ვარდნა დაფიქსირდა. მედიის ცნობით, საფონდო ბირჟაზე აქციების მკვეთრი ვარდნა შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებას უკავშირდება. ინვესტორებში გაჩნდა შიში, რომ ე.წ. ლურჯმა ცუნამმა, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობა შეანელოს.
მედიის ინფორმაციით, Nasdaq Composite-ის ინდექსი 5.5%-ით დაეცა, ხოლო Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსი 1 800 პუნქტზე მეტით შემცირდა. ამასთან, ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს აქციების ფასი დაახლოებით 9%-ით გაუფასურდა, რის შედეგადაც კომპანიამ საბაზრო ღირებულების დაახლოებით 450-500 მილიარდი დოლარი დაკარგა.