დონალდ ტრამპის თქმით, ის არასდროს შეწყვეტს ბრძოლას. ეს განცხადება დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკელი ხალხი იმსახურებს სრულ გამჭვირვალობას, შესაბამისად ყველა ხმის დათვლას და არჩევნების შედგების დადასტურებას. ახლა საუბარი არა რომელიმე კონკრეტულ არჩევნებზე, არამედ თავად საარჩევნო პროცესის მდგრადობაზეა“, – ნათქვამია აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრამპი და მისი შტაბის წევრები კვლავ აცხადებენ, რომ „უკანონოდ მიცემული ხმების არ უნდა ჩაითვალოს“.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ კანონიერ გზით გაცემული ბიულეტენები უნდა დათვალონ, ხოლო უკანონო ბიულეტენები უნდა გაუქმდეს, თუმცა დემოკრატების მხრიდან ამ ფუძემდებლური პრინციპის მიმართ წინააღმდეგობას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს კანონის ყველა საშუალებით, რათა დავრწმუნდეთ რომ ამერიკელი ხალხი დარწმუნებული იყოს ჩვენს მთავრობაში. მე არასდროს შევწყვეტ ბრძოლა თქვენთვის და ჩვენი ერისთვის“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის ვინაობა ამ ეტაპზე კვლავ უცნობია. ამჟამად ლიდერობს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი, თუმცა „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი გამარჯვების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
ხმების დათვლა გრძელდება ნევადაში, პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და არიზონაში. ამასთან, ჯორჯიის შტატში, სადაც ბაიდენი მცირე უპირატესობით იმარჯვებს, ხმების გადათვლა მოხდება.
ხმების დათვლის პროცესის გაჭიანურების მთავარი მიზეზი ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენებია. აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამ მეთოდით ხმის მიცემა კორუფციისა და თაღლითობის საფრთხეს შეიცავს.