დონალდ ტრამპი არაბული ქვეყნების ლიდერებს შეხვდა - დღეს 32 შეხვედრა მქონდა, მაგრამ ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვაპირებთ, დავასრულოთ ომი ღაზაში
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დონალდ ტრამპმა არაბული ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის კატარის, საუდის არაბეთის, ეგვიპტის, ინდონეზიისა და პაკისტანის ლიდერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ღაზის საკითხთან დაკავშირებით „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა“ ჰქონდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა შეხვედრას დღის „ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა“ უწოდა.
„ეს ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა. არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, ვისთანაც შეხვედრა გავმართე. აქ 32 შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ ის, რაც ალბათ არასდროს უნდა დაწყებულიყო. ჩვენ გვინდა, რომ დავასრულოთ ომი ღაზაში. ჩვენ ვაპირებთ მის დასრულებას. შესაძლოა, ახლავე დავასრულოთ. ჩვენ აქ ვართ, რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მძევლების დაბრუნება, ომის დასრულება და ცხოვრების წესის აღდგენა. ცხოვრება ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ლამაზია, მაგრამ ბევრად უფრო ლამაზია ომების გარეშე, არა? ასე რომ, მე ნამდვილად დიდ პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ თქვენ აქ ხართ და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ გვექნება შეხვედრა, თუ რაიმეზე შევთანხმდებით. მე შევხვდები ისრაელელ ხალხს, მათ შორის ბიბის (ბენიანიმ ნეთანიაჰუ), და ჩვენ ვაპირებთ რაღაცის გაკეთებას, რადგან ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდა და გვსურს, რომ ეს დასრულდეს და გვსურს მძევლების დაბრუნება. მათი უმეტესობა უკვე დავიბრუნეთ, მაგრამ ახლა მათ 20 ცოცხალი და 38 გარდაცვლილი მძევალი ჰყავთ. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ისინი. ვფიქრობ, რომ შევძლებთ ამის გაკეთებას. ეს არის ის ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება მსოფლიოში ნებისმიერ სხვა ჯგუფზე მეტად. ეს არის ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება. ამიტომ დიდი პატივია თქვენთან ყოფნა და ჩვენ ამას ვაფასებთ. ჩემთვის თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო წარმოუდგენელია, მე ძალიან ვაფასებ ამას“, – განაცხადა ტრამპმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.