დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, სანქციები დაუწესოს ქვეყნებს, რომლებიც აშშ-იდან საკუთარი მოქალაქეების მიღებაზე უარს ამბობენ ან აჭიანურებენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სავიზო სანქციები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-იდან დაბრუნებული ადამიანების მიღებაზე უარს ამბობენ ან უსაფუძვლოდ აჭიანურებენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსადმი დონალდ ტრამპის განკარგულებაში.
აღნიშნულის მიზეზად დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემია და იმ უცხოელების რეპატრიაციის აუცილებლობა დაასახელა, რომლებიც აშშ-ის კანონს არღვევენ.
თუ საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი დაადგენს, რომ რომელიმე ქვეყანა უარს აცხადებს დაბრუნებული პირების მიღებაზე, აფერხებს ან აყოვნებს ოპერაციებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის, მაიკ პომპეომ შვიდი დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს სანქციების დაწესების გეგმა.
დოკუმენტში კონკრეტული ქვეყნები დასახელებული არ არის.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 21 მარტიდან ახალი სასაზღვრო წესები აამოქმედა, რომელთა მიხედვითაც, აშშ-ის ხელისუფლებას მიეცა უფლება, დააჩქაროს უცხოელების დეპორტაცია სტანდარტული საიმიგრაციო პროცედურების გარეშე. „როიტერის“ მონაცემებით, ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან, აშშ-ის სასაზღვრო სამსახურმა მექსიკაში შვიდი ათასამდე მიგრანტი გაადეპორტა.