დონალდ ტრამპი არ ფიქრობს, რომ რუსეთში კვლევით ინსტიტუტში თანამშრომლის გარდაცვალება ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას უკავშირდება
არ ვფიქრობ, რომ რუსეთში კვლევით ინსტიტუტში თანამშრომლის გარდაცვალება ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას უკავშირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საკითხი მალე გაირკვევა.
„არ ვფიქრობთ, რომ ასეა. ამას მალე გავარკვევთ, თუმცა არ ვფიქრობთ. მათ დავუჯერებთ, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მსგავსი რამ სხვა შემთხვევებშიც უთქვამთ, ამიტომ იმედია, ახლაც ასეა. იმედია, ასეც არის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, რუსეთი არსებული ვითარების შესახებ მცირე ინფორმაციას ავრცელებს. მისივე განცხადებით, მოსკოვი აშშ-ის შესაბამის უწყებებს „გარკვეულ ინფორმაციას“ უზიარებს, თუმცა ვაშინგტონი რუსეთისგან გაცილებით მეტ ინფორმაციას ელოდება.
ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი დაგეგმილი აქვს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ირკუტსკის ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში მომუშავე ლაბორანტი დარია შიპილოვა გარდაიცვალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარია შიპილოვას ლაბორატორიაში მუშაობისას შავი ჭირის პათოგენის შემცველი საცდელი მილი დაუზიანდა. ამ ვერსიას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.