დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის გულწრფელობის სჯერა
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის გულწრფელობის სჯერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სჯერა ჩრდილოეთ კორეის გულწრფელობის, როცა ისინი ბირთვული იარაღის გამოცდის შეჩერებასა და ამერიკელ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკების სურვილს გამოთქვამენ.

„ვფიქრობ, ისინი გულწრფელები არიან. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ მიერ დაწესებული მკაცრი სანქციებისა და ჩინეთის მხრიდან უდიდესი დახმარების შედეგია“, – განაცხადა ტრამპმა.

ზოგიერთი ამერიკელი და სამხრეთ კორეელი პოლიტიკოსის აზრით კი ჩრდილოეთ კორეა ამ გზით, შესაძლოა, დროს იგებდეს, სანამ ბირთვული იარაღის პროგრამა სრულად დაიხვეწება და ამ დროის განმავლობაში აშშ-ისა და გაერო-ს მიერ დაწესებული სანქციებიდან გათავისუფლებას ცდილობდეს.

ტრამპს ამ მოლაპარაკებების შესახებ რაიმე წინაპირობა არ დაუყენებია. ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს ოფიციალური ფხენიანი.

მანამდე კი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამხრეთ კორეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ სამხედრო საფრთხის მოხსნის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი არ სჭირდება.

მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნაზეც შეთანხმდნენ. ჩრდილოეთ კორეამ მზადყოფნა გამოთქვა; ვაშინგტონთან მოლაპარაკებების შემთხვევაში. ბირთვული რაკეტების გამოცდა შეწყვიტოს.

ფხენიანში განაცხადეს, რომ ვაშინგტონთან „გულითადი“ საუბრისთვის არიან მზად.