დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მინერალური რესურსებისა და უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად 28 თებერვალს თეთრ სახლს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს თეთრ სახლს ეწვევა მინერალური რესურსებისა და უკრაინის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად.
ამის შესახებ ტრამპმა მთავრობის კაბინეტის პირველ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ რუსეთ-უკრაინის საკითხზე. პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს ჩამოვა. ეს უკვე დადასტურებულია და ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას. ჩვენ შევძელით გარიგების დადება, სადაც ჩვენს ფულს უკან დავიბრუნებთ და მომავალში ბევრ ფულს მივიღებთ. ვფიქრობ, ეს მართებულია“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია კმაყოფილია მიღწეული შეთანხმებით. მან ასევე მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სკოტ ბესენტს და ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს.