დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ-მა სირიიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ორი განსაკუთრებულად საშიში მებრძოლი გაიყვანა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ-მა სირიიდან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ორი განსაკუთრებულად საშიში მებრძოლი გაიყვანა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„იმ შემთხვევისთვის, თუ ქურთები ან თურქეთი დაკარგავენ კონტროლს, აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი, რომლებიც ცნობილნი არიან „ბითლზის“ სახელით და დაკავშირებულნი არიან სირიაში თავის მოკვეთის გზით მკვლელობებთან, უკვე გაიყვანა ამ ქვეყნიდან დაცულ ადგილას, რომელსაც აშშ აკონტროლებს. ისინი ბოროტებს შორის ყველაზე ბოროტები არიან“, – წერს დონალდ ტრამპი.
მანამდე ტელეკომპანია „სიენენმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების გამო, სირიელმა ქურთებმა ამერიკელ სამხედროებს „ისლამური სახელმწიფოს“ ორი წევრი, ბრიტანელები – ალექსანდრ კოტი და აშ-შაფი ელ შეიხი გადასცა. მათ 27 მძევლის, მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტების – ჯეიმს ფოულისა და სტივენ სოტლოფის მკვლელობაში ადანაშაულებენ. „სიენენის“ ცნობით, ამერიკული მხარე ორი ტერორისტის აშშ-ში გადაყვანას აპირებს გასასამართლებლად.