დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებზე უკრაინის დარტყმებს და „პეტრიოტების“ წარმოებისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხს განიხილავს
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან გააკეთეს კომენტარი.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ დარტყმებს განიხილავს.
მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებსა და დიზელის საწვავის მარაგებზე უკრაინის მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა რუსებს სერიოზული დარტყმა მიაყენა, თუმცა, ამავდროულად, გავლენა მოახდინა მსოფლიოში დიზელის საწვავის ფასებზე.
„ეს ნამდვილად სერიოზული დარტყმა იყო რუსებისთვის. ამან ასევე სერიოზულად იმოქმედა დიზელის საწვავის ფასზე. დიზელის საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ამაზე კიდევ ვისაუბრებთ. თუმცა, დიახ, ეს უდავოდ ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის დროს უკრაინელ კოლეგასთან განიხილავს ქვეყნისთვის „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის მინიჭების შესაძლებლობას.
„ეს შესაძლებელია. ჩვენ ამას განვიხილავთ და ახლაც უნდა განვიხილოთ. ძალიან ძლიერი წარმოებაა, ვგულისხმობ, ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. ძალიან ნიჭიერი ხალხია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სჯერა, რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ.
„ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ. არ მინდა ვთქვა, რა შეთანხმებაა ეს. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთანაც. ვფიქრობ, რაღაც მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, უკრაინელები კარგი მებრძოლები არიან და შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება.
რაც შეეხება მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს, ტრამპმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, დაესწრება თუ არა მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუმცა, მისი თქმით, პუტინთან კიდევ ერთი შეხვედრის გამართვისთვის მზად არის.
„არ ვიცი. ვიცი, რომ ის შეხვედრის მომხრეა და ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა ალასკაზე. ვფიქრობ, ის კიდევ ერთ შეხვედრას გამართავდა. თუმცა, მაიამიზე ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, პუტინსაც და ზელენსკისაც სურთ ომის დასრულება.
„მას (პუტინს) შეხვედრა სურს. სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ვფიქრობ, ორივეს სურს ომის დასრულება“, – აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს „ლინდსი გრემის კანონპროექტის“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი მხარეებს ომის დასრულებაში დაეხმარება.