დონალდ ტრამპმა პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის ომის საკითხი ახლოსაა მოგვარებასთან – „შეთანხმება, შესაძლოა, მთელ ევროპასაც მოიცავდეს, ეს იქნება დიდი, ლამაზი შეთანხმება“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის საკითხი მოგვარებასთან ახლოსაა და შეთანხმება, შესაძლოა, „მთელ ევროპას“ მოიცავდეს. მისი თქმით, შეთანხმება „დიდი და ლამაზი“ იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„ეს იქნება ძალიან დიდი შეთანხმება, ის უკრაინაზე მეტს მოიცავს და შემიძლია ვთქვა, რომ ის, შეიძლება, მთელ ევროპასაც მოიცავდეს. ეს იქნება დიდი, ლამაზი შეთანხმება და ყველა აღფრთოვანებული იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
მედიასთან საუბრისას ტრამპმა დაადასტურა, რომ დმიტრიევს შეხვდა, მაგრამ თქვა, რომ უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებები არ ჰქონია.
თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება და ის რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.
ცნობისთვის, 5 ნოემბერს უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე აშშ-ის პირველმა ლედიმ შეხვედრა გამართა, რომლის ინიციატორი თავად მელანია ტრამპი იყო.
შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი და უკრაინის მმართველ პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია ესწრებოდნენ.
მელანია ტრამპმა უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 23 ოქტომბერს მიაღწია. 2 ნოემბერს აშშ-ის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დროს, ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, ოლეშკიდან თითქმის 800 ადამიანი გაიყვანეს.