დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „თალიბანის“ წევრები ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებისთვის მზად არიან
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „თალიბანის“ წევრები ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებისთვის მზად არიან. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ავღანეთში გააკეთა.
„თალიბანს შეთანხმება სურს და ჩვენ მათ ვხვდებით. ახლა მათ სურთ ცეცხლის შეწყვეტა და მჯერა, რომ ეს იმუშავებს“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
„თალიბანის“ ლიდერები სააგენტო „რეიტერთან“ საუბრის დროს ადასტურებენ, რომ ბოლო ერთი კვირაა, ამერიკელ მაღალჩინოსნებთან მართლაც მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ერთმანეთს დოჰაში შეხვდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე გვიან ღამით მოულოდნელად ჩავიდა. დონალდ და მელანია ტრამპები მადლიერების დღეს ავღანეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებთან ერთად აღნიშნავენ. გაპრეზიდენტების შემდეგ ეს დონალდ ტრამპის პირველი ვიზიტია ავღანეთში.