დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეებში ჩარევის უფლება აქვს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანონიერი უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმეებში ჩაერიოს. დონალდ ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა თქვა, რომ ტრამპის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებული მოსაზრებები მის საქმიანობას აბრკოლებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის არც ერთ საქმეში არ ჩარეულა. დონალდ ტრამპმა არ შეიმჩნია უილიამ ბარის მოწოდება, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე „ტვიტერში“ წერა შეწყვიტოს.
უილიამ ბარმა დონალდ ტრამპზე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა მისი ყოფილი მრჩევლის, როჯერ სტოუნის სისიხლის სამართლის პროცესი უმკაცრესად გააკრიტიკა. როჯერ სტოუნი არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეზე ჩატარებული გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით გასული წლის ნოემბერში გაასამართლეს. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ „საშინელი და ძალიან უსამართლო ვითარებაა შექმნილი“. როჯერ სტოუნისთვის განაჩენის გამოტანა მომდევნო კვირაში იგეგმება.