დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებულ უკანასკნელ ტერიტორიას უახლოეს საათებში გაათავისუფლებენ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებულ უკანასკნელ ტერიტორიას უახლოეს საათებში გაათავისუფლებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებულ უკანასკნელ ტერიტორიას უახლოეს საათებში გაათავისუფლებენ.

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრი სახლში, ოჰაიოში გამგზავრებამდე განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება თითქმის ბოლომდე განადგურებულია. ამის დამადასტურებელ საბუთად რეპორტიორებს ორი რუკა აჩვენა. ერთ რუკაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ტერიტორიები წითელი ნიშნულებით იყო დატანებული, მეორეზე კი მხოლოდ ერთი წითელი ნიშნული იყო.

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, პირველი რუკა იმ პერიოდს ეკუთვნის, როდესაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გახდა. ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ მან სირიის ტერორისტებისგან გათავისუფლება მოახერხა. ტრამპის თქმით, მონაცემები, რომელიც მეორე რუკაზეა დატანებული, მან დღეს მიიღო.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ის პატარა ტერიტორია, რომელიც ამჟამად ტერორისტებს აქვთ დაკავებული, უახლოეს საათებში გათავისუფლდება.

ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად 2014 წლის შემდეგ სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბურ ანტიტერორისტულ ოპერაციას აწარმოებს. 2018 წლის ბოლოს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში ისლამური სახელმწიფო საფრთხეს აღარ წარმოადგენდა, ამიტომ ქვეყნიდან ამერიკელი სამხედრო კონტინგენტის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებით, ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილში მხოლოდ 400 სამხედრო მოსამსახურე დარჩება. მათგან 200 ქვეყნის ჩრდილოეთში, 200 კი ისრაელის საზღვართან ახლოს.