დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა მარცხი მის საგარეო გავლენას არ შეასუსტებს

20:12, 16.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხი მის საერთაშორისო გავლენას შეამცირებს.

პრეზიდენტის თქმით, არჩევნების შედეგის მიზეზი კონგრესში მიღებული კანონპროექტებით მისი მხარდამჭერების უკმაყოფილებაა.

„წარსულს თუ გადავხედავთ, ოთხჯერ ან ხუთჯერ შედეგები ამაზე ბევრად უარესი იყო. ეს, რა თქმა უნდა, გამარჯვება არ ყოფილა, მაგრამ ჩემი ხალხი უკმაყოფილო იყო. მყავდა მილიონობით ადამიანი, რომლებსაც უყვართ ტრამპი, მაგრამ ისინი უკმაყოფილო იყვნენ იმ კანონპროექტებით, რომლებსაც კონგრესში იღებდნენ. ჩვენ მოგვიწევს მათი გულის მოგება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

ამავე ბრიფინგზე ჟურნალისტებმა პრეზიდენტს რესპუბლიკელების მიერ მოთხოვნილ ეროვნულ საიმიგრაციო რეფორმასა და მოსალოდნელ დათმობებზე ჰკითხეს. ტრამპმა აღნიშნა, რომ მზადაა, განიხილოს რეფორმა, თუმცა ის აუცილებლად მკაცრი უნდა იყოს და გამორიცხავდეს ყოველგვარ ამნისტიას.

„ვნახოთ. ვგულისხმობ იმას, რომ ბევრს სურს, ამ საკითხს გადავხედო. მას ყოველთვის განვიხილავ და ეს შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ ვნახოთ. ეს უნდა იყოს მკაცრი — არანაირი ამნისტია და ასე შემდეგ. ის აუცილებლად მკაცრი უნდა იყოს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ტრამპი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სამხრეთ საზღვრისკენ მიმავალი მიგრანტების ქარავნების საკითხს და მექსიკა გააფრთხილა, რომ ისინი ქარავნებს თუ არ შეაჩერებენ, ვაშინგტონი მექსიკას მძიმე ტარიფებს დაუწესებს.

„მათ ქვეყანაში არ შეუშვებენ და მექსიკა შეაჩერებს მათ. როგორც იცით, მათ თქვეს, რომ შეაჩერებდნენ. და თუ არ შეაჩერებენ, ჩვენ მექსიკას მძიმე ტარიფებს დავუწესებთ“, — განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი